28.84 °C თბილისი, საქართველო | 2021-08-02  
11:53:34

FAO და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) 7 ივნისს სურსათის უვნებლობის დღეს აღნიშნავენ

By: Admin
2021-06-07 11:07:48
204

პანდემიის პირობებში, სურსათის უვნებლობამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. სწორედ ამიტომ წელს FAO და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) სურსათის უვნებლობის დღეს ერთად აღნიშნავენ და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ, პანდემიის პირობებში სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების სტანდარტების შენარჩუნებაზე.

ორგანიზაციების ფოკუსში   მოხვდა გზავნილები, სახელმწიფოების ვალდებულებების შესახებ - ყურადღება გაამახვილონ, სურსათით გამოწვეული დაავადებების რისკების აღმოჩენასა და კონტროლზე. ასევე, უზრუნველყონ სურსათის ხელმისაწვდომობა, ფერმერების წვდომა ბაზრებზე და უწყვეტი ტექნოლოგიური განვითარება.

სურსათის უვნებლობის დღეს განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმაზე, რომ უსაფრთხო პროდუქტების მოხმარებას მოკლევადიანი და ხანგრძლივი სარგებელი აქვს ადამიანებისთვის, ეკონომიკისა და მთლიანად პლანეტისთვის. ადამიანების, ცხოველების, მცენარეებისა და გარემოს ერთიანობის გააზრება, კაცობრიობას შესაძლებლობას აძლევს, მომავალ გამოწვევებს მომზადებული შეხვდეს.

უნდა გვახსოვდეს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 600 მილიონი ადამიანი - თითქმის 1/10,  ყოველწლიურად დაბინძურებული საკვების მიღების შემდეგ ავადდება. რასაც 420 000 ადამიანის გარდაცვალება და 33 მილიონი ადამიანისთვის ჯანმრთელობის გაუარესება მოსდევს. შესაბამისად სურსათის უვნებლობის წესების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სურათის უვნებლობის ჯაჭვი იწყება ფერმაში (მეცხოველეობისას თუ ბოსტნეულის მოყვანისა და საირიგაციო წყლის უსაფრთხოების კონტროლით) და სრულდება სუფრასთან (პროდუქტების დახარისხება და უსაფრთხო მომზადება). სასურსათო კონტროლს ექვემდებარება ყველა პროდუქტი მათ შორის: ბოსტნეული, ხილი, ხორცი და რძის პროდუქტები. ასევე, ამ ნედლეულის გადამუშავებისგან მიღებული სურსათი. სურსათის უვნებლობის ქვაკუთხედი, ჰიგიენური სტანდარტების დაცვა, ცხოველთა ჯანმრთელობის მონიტორინგი და სარეაილიზაციო პირობების კონტროლია. ამ მიმართულებით, საქართველოში ბოლო წლების მანძილზე მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა. მათ შორის დაინერგა ცხოველთა იდენტიფიკაცია - რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა (NAITS), რომელიც წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლისა და მათგან წარმოებული პროდუქტების მიკვლევადობას უზრუნველყოფს. სისტემა, ევროპასთან ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების ნაწილია და იგი, ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური გარემოს უწყობს ხელს.

FAO და WHO ორგანიზაციის გზავნილები, ხაზს უსვამენ რომ სურსათის უვნებლობაზე თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა აქტორს, მათ შორის: სახელმწიფოებს, მწარმოებლებსა და მომხმარებლებს.

გვახსოვდეს: სურსათის უვნებლობა - ყველას საქმეა!

Share