27.84 °C თბილისი, საქართველო | 2021-09-18  
18:12:12

ანდრია გვიდიანი - 25.8%-იანი ეკონომიკური ზრდა გამოწვეულია ფუნდამენტური ფაქტორების მკვეთრი გაუმჯობესებით

By: Admin
2021-06-30 15:55:31
204

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მაისში ეკონომიკის მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 25.8 პროცენტი შეადგინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იანვარ-მაისში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 11.5%-ს გაუტოლდა. საკითხთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის აღდგენის მსგავსი მაჩვენებლები მთავრობის მიერ გატარებული სწორი ღონისძიებების და გარე ფაქტორების შედეგია.

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკური ზრდის გამოქვეყნებული მონაცემები, მართლაც შთამბეჭდავია. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ეკონომიკის აღდგენის შეუქცევადი პროცესი დაიწყო. ხაზგასასმელია, რომ ეკონომიკის აღდგენის ასეთი სწრაფი ტემპი აჭარბებს ყველა მოლოდინს, მათ შორის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაკეთებულ პროგნოზებსაც.

აქვე მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმ მთავარ ფაქტორებს, რამაც მაისის თვეში ეკონომიკის 25.8%-იანი ზრდა გამოიწვია. ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის საწარმოთა ბრუნვა, რომელიც წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 50.3%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 3,581 ერთეულს გაუტოლდა, რაც  12.5 პროცენტით აღემატება. აღნიშნული მაჩვენებელი მიუთითებს ბიზნესის მნიშვნელოვან გამოცოცხლებაზე და, შესაბამისად, პოზიტიურ მოლოდინებზე, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოებაა. ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტის საკითხი, რომელიც მაისში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 45.0 პროცენტით გაიზარდა. ასევე, ფულადი გზავნილები, რომელიც 42.4 პროცენტით გაიზარდა. ამასთან არ უნდა გამოგვრჩეს, ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი - ტურიზმი. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის სექტორშიც მნიშვნელოვანი გამოცოცხლება შეინიშნება და წინა წელთან შედარებით, 180%-იანი ზრდა გვაქვს. აქედან გამომდინარე, ჩამოთვლილი ფაქტორები ადასტურებს, რომ ეკონომიკის ზრდის კუთხით, მიმდინარე წელი საკმაოდ პოზიტიური იქნება“, - განაცხადა გვიდიანმა.

Share