25.84 °C თბილისი, საქართველო | 2022-10-01  
18:56:10

მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის თანახმად, განვითარებადი ქვეყნები ფინანსური მდგომარეობის გაუარესების მზარდი რისკის წინაშე დგანან

By: Admin
2022-02-16 11:52:02
204

მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის თანახმად, განვითარებადი ქვეყნები ფინანსური მდგომარეობის გაუარესების მზარდი რისკის წინაშე დგანან, რომელიც COVID-19 -ის კრიზისმა და გაუმჭვირვალე დავალიანებამ შექმნა. ინფლაციის და საპროცენტო განაკვეთების ზრდა შემდგომი გამოწვევების წინაშე აყენებს ეკონომიკის აღდგენას და ამიტომ განვითარებადი ქვეყნები ჯანსაღი საფინანსო სექტორის შექმნაზე უნდა იყვნენ ფოკუსირებული. 

„მსოფლიოს განვითარების 2022 წლის ანგარიში: ფინანსები თანასწორი აღდგენისთვის“ მიუთითებს, რომ რისკები შესაძლოა დაფარული იყოს, რადგან შინამეურნეობების, კომპანიების, ბანკების და მთავრობების ფინანსური მდგომარეობა მჭიდროდაა  ერთმანეთთან დაკავშირებული. დღეს უმოქმედო სესხების და ფარული ვალის მაღალი დონე ხელს უშლის კრედიტთან წვდომას და არაპროპორციულად ამცირებს დაფინანსების შესაძლებლობას დაბალშემოსავლიანი ოჯახებისა და მცირე ბიზნესისთვის.

„რისკი იმაში მდგომარეობს, რომ ინფლაციით და მაღალი საპროცენტო განაკვეთებით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი გავრცელდება ფინანსური არასტაბილურობის გამო. მკაცრი გლობალური ფინანსური პირობები და ადგილობრივი სავალო ინსტრუმენტების სუსტი ბაზრები ბევრ განვითარებად ქვეყანაში ხელს უშლიან კერძო ინვესტიციებს და ეკონომიკის აღდგენას,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა. მისივე თქმით: „კრიტიკული მნიშვნელობისაა კრედიტებზე ფართომასშტაბიანი წვდომისა და ზრდაზე ორიენტირებული კაპიტალის განაწილებისკენ ძალისხმევის მიმართვა, რაც მცირე და გაცილებით დინამიურ ფირმებს და ზრდის მაღალი პოტენციალის მქონე დარგებს ინვესტირების და სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას მისცემს.“ 

COVID-19-ით გამოწვეული გლობალური ჯანდაცვის კრიზისი სწრაფად გადაიქცა უდიდეს გლობალურ ეკონომიკურ კრიზისად უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში და შედეგად ეკონომიკური ზრდის ვარდნა, სიღარიბის დონის მატება და ფართო უთანასწორობა მოიტანა. კრიზისის საპასუხოდ სახელმწიფოებმა ფართო და უპრეცედენტო საგანგებო მხარდაჭერის ღონისძიებები დაიწყეს, რამაც ხელი შეუწყო  ზოგიერთი ყველაზე მძიმე სოციალური და ეკონომიკური ზემოქმედების შემსუბუქებას და გაზარდა სუვერენული ვალის დონე, რომელმაც ზოგიერთ ქვეყანაში რეკორდულ მნიშვნელობას  ჯერ კიდევ კრიზისამდე მიაღწია. საპასუხო ღონისძიებებმა კერძო ვალთან დაკავშირებით რამდენიმე გამოწვევა გამოავლინა, რომლებიც ახლა დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს - მათ შორისაა გამჭვირვალობის ნაკლებობა უმოქმედო სესხების შესახებ ანგარიშგებაში, პრობლემური აქტივების მართვის გაჭიანურება და ყველაზე მოწყვლადი შინამეურნეობებისა და ბიზნესისთვის საკრედიტო რესურსებზე წვდომის გამკაცრება ან არქონა. 

მსოფლიოს განვითარების ახალი ანგარიში  სამოქმედოდ პრიორიტეტულ რამდენიმე სფეროს აშუქებს, მათ შორისაა, ფინანსური რისკების ადრეული გამოვლენა. რადგან ცოტა ქვეყანას თუ აქვს ფისკალური სივრცე და შესაძლებლობა გამოწვევებზე ერთდროული რეაგირებისთვის, ის ხაზს უსვამს თუ როგორ შეუძლიათ სახელმწიფოებს რესურსების პრიორიტეტულობის განსაზღვრა თავისი კონტექსტის საფუძველზე.

პანდემიის პერიოდში განვითარებად ქვეყნებში ჩატარებულმა საწარმოთა კვლევამ გამოავლინა, რომ 46 პროცენტი ელოდა ვალთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე აღმოჩენას. დაუფარავი სესხები შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს  და კერძო ვალი სწრაფად იქცეს  სახელმწიფო ვალად მთავრობების მიერ გაწეული მხარდაჭერის პარალელურად. კრიზისის შედეგად პირადი და ბიზნესშემოსავლების მწვავე შემცირების მიუხედავად, უმოქმედო სესხების წილი ძირითადად უცვლელია და მოსალოდნელზე დაბალია. თუმცა, ეს შეიძლება განპირობებული იყოს ვალის გადავადების პოლიტიკით და შემსუბუქებული აღრიცხვის სტანდარტებით, რომლებიც ნიღბავს მნიშვნელოვან ფარულ რისკებს, რაც თვალსაჩინო გახდება მხარდაჭერის ღონისძიებების შეწყვეტისთანავე.

„კრიზისამდე ხშირად ვერ ამჩნევთ ისეთ საკითხებს, რომლებიც შეიძლება პრობლემად იქცეს. არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ ბევრი მოწყვლადობა დაფარული დარჩება. ახლა დროა, რომ პრიორიტეტები ადრე განვახორციელოთ და შევიმუშაოთ ღონისძიებები ჯანსაღი ფინანსური სისტემის შესაქმნელად, რომელსაც შეუძლია აღდგენის ხელშესაწყობად საჭირო საკრედიტო რესურსების ზრდა. თუ ასე არ მოვიქცევით, სწორედ მოწყვლადი ფენა იქნება ის ჯგუფი, რომელსაც ყველაზე დიდი დარტყმა მიადგება,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა  და მთავარმა ეკონომისტმა კარმენ რეინჰარტმა. 

ანგარიში ასევე მოითხოვს პრობლემური აქტივების პროაქტიურ მართვას. ბევრი შინამეურნეობა და ფირმა დაბალი შემოსავლის გამო დავალიანების არარაციონალური ოდენობის წინაშე დგას. გადახდისუუნარობის მართვის ეფექტურ მექანიზმებს შეუძლია გრძელვადიანი ვალის რისკის თავიდან აცილებაში დახმარება და „ზომბი“ ფირმებისთვის სესხების გაცემა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ეკონომიკურ აღდგენას. გადახდისუუნარობის მართვის მექანიზმების გაუმჯობესებას,  სასამართლოს გარეთ მორიგებას (განსაკუთრებით მცირე ბიზნესისთვის) და ვალის პატიების მექანიზმს  კერძო ვალის თანმიმდევრული შემცირება შეუძლია. 

დაბალშემოსავლიან ქვეყნებში მკვეთრად გაიზარდა სუვერენული ვალის მოცულობა, რომელიც  პროაქტიურ და დროულ მართვას საჭიროებს. ისტორიული მონაცემები მიუთითებს, რომ პრობლემურ სუვერენულ ვალზე რეაგირების გაჭიანურება რეცესიას, მაღალ ინფლაციას და მწირ რესურსებს უკავშირდება, რომლებიც წარმოდგენილია ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორებიცაა ჯანდაცვა, განათლება და სოციალური დაცვის ქსელი. აღნიშნული განაპირობებს არაპროპორციულ ზემოქმედებას ღარიბ ფენაზე. 

დაბოლოს, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა სწრაფვა ფინანსებთან ინკლუზიური წვდომისკენ ისტორიული პანდემიისგან აღდგენის მხარდასაჭერად. დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში შინამეურნეობების 50 პროცენტს არ შეუძლია საბაზისო მოხმარების მხარდაჭერა 3 თვეზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. საშუალო ბიზნესი კი მიუთითებს, რომ მას ნაღდი ფულის რეზერვი მხოლოდ ორი თვის ხარჯების დასაფარად ეყოფა.

შინამეურნეობები და მცირე  ბიზნესი კრედიტთან წვდომის გარეშე დარჩენის უდიდესი რისკის წინაშე დგანან. დაფინანსებასთან  წვდომა აუმჯობესებს დაბალშემოსავლიანი შინამეურნეობების მდგრადობას და მცირე საწარმოებს დახურვის თავიდან აცილების, ბიზნესში დარჩენის, გაფართოების და ეკონომიკის აღდგენის მხარდაჭერის საშუალებას აძლევს. ციფრული ფინანსური ინსტრუმენტები და პროდუქტები შეიძლება  გადამწყვეტ როლს ასრულებდეს მსესხებლის რისკის შეფასებაში  და ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში  რეაგირების შესაძლებლობას იძლეოდეს, რითაც ისინი გააუმჯობესებს საკრედიტო რისკის მართვას, შესაძლებელს გახდის სესხების გაცემას და გააძლიერებს ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს. 

დარგობრივ პოლიტიკასთან დაკავშირებული რეფორმები,  რომლებიც აუცილებელია თანასწორი აღდგენის მისაღწევად, მთავრობებს და მარეგულირებლებს ასევე აძლევს გაცილებით ეფექტიან და მდგრად მსოფლიო ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარების შესაძლებლობას და გზამკვლევს. კრიზისის მიმართ  სათანადოდ დაგეგმილი საპასუხო ღონისძიებები და გრძელვადიანი რეფორმები ხელს შეუწყობს მწვანე ფირმებისა და დარგებისკენ კაპიტალის ნაკადის მიმართვას. 
 

Share